• ადმინი
  • 25/ 09/ 2026
  • სიახლე

პედაგოგის ბაღიდან გაცილების ღონისძიება

გორის მუნიციპალიტეტის №14 საბავშვო ბაღში მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, პედაგოგ ნანი ჯავახიშვილის გაცილების ღონისძიება გაიმართა.

60 წელი საბავშვო ბაღში მუშაობა - ეს არის ცხოვრების უდიდესი ნაწილი, რომელიც ბავშვების აღზრდას, განათლებასა და მათზე ზრუნვას მიეძღვნა. თუმცა ქალბატონი ნანის საქმიანობა მხოლოდ საბავშვო ბაღით არ შემოიფარგლებოდა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობასაც აერთიანებს.

ნანი ჯავახიშვილი არაერთი საპატიო სიგელისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული აკადემიის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სიგელი, საქართველოს საპატრიარქოს სიგელი, გორისა და ატენის ეპარქიის სიგელი, გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სიგელი და სხვა მნიშვნელოვანი აღიარებები.

მისი საზოგადოებრივი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მართლმადიდებელ ქალთა ორგანიზაციის გორის განყოფილების დაფუძნება და ხელმძღვანელობა. ასევე, წლების განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა პროფესიონალ ქალთა ორგანიზაცია „100 ქართველი ქალის“ გორის განყოფილებას.

ქალბატონი ნანი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს წითელი ჯვრის „ცოდნის გამავრცელებელი საბჭოს“ საქმიანობაში. იგი ასევე მასწავლებელთა სახლის საკვირაო სკოლის და სხვა არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა ქალბატონ ნანის მრავალწლიანი და ღირსეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, მისი პროფესიული და საზოგადოებრივი ღვაწლი დააფასეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


გაცილების ღონისძიება №14 საბავშვო ბაღის თანამშრომლებისა და აღსაზრდელების მონაწილეობით, თბილ და განსაკუთრებულ გარემოში გაიმართა.